სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES)

DWV არის „სენიორ ექსპერტთა სერვისი“-ს (SES) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES) წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდს (Stiftung der deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit). ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც გერმანელ ექსპერტებს აგზავნის გერმანიისა და სხვა ქვეყნების კომპანიებში კონსულტირებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ექსპერტები უსასყიდლოდ უტარებენ ტრენინგს სპეციალისტებსა და მენეჯერებს – ეს არის სისტემა, რომელიც მომგებიანია მისი ყველა წარმომადგენლისათვის.

ექსპერტები თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ მცირე და საშუალო საწარმოებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიზნეს ასოციაციებსა და მომსახურების სექტორებს, რომელთა შორისაც არიან სოციალური, სამედიცინო ინსტიტუტები და პროფესიული სასწავლებლები. ექსპერტის მომსახურება გრძელდება 3 კვირიდან 6 თვემდე. დაახლოებით 10.000 მრავალწლიანი სტაჟის მქონე კვალიფიციური ექსპერტი, რომელთაც უკვე დაასრულეს თავიანთი სამსახურეობრივი მოღვაწეობა და აგრძელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას SES პროექტის ფარგლებში, მზად არის მომსახურება გაგიწიოთ 50 სახის საქმიანობის სფეროში. ექსპერტის მოწვევისათვის აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ.

2013 წლიდან DWV-ს ჩართულობით 220-ზე მეტმა ინსტიტუტმა დაარეგისტრირა ექსპერტის მოწვევაზე განაცხადი და განხორციელდა 137 პროექტი. 2018 წელს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ძალისხმევით, კვლავაც გაიზარდა საქართველოში მოწვეული ექსპერტების რიცხვი. გასულ წელს 33 კომპანიამ ისარგებლა სენიორ ექსპერტთა სერვისით. გერმანელი სპეციალისტები წარმოადგენდნენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ადმინისტრაცია და საჯარო მომსახურება, ფინანსები, ჯანდაცვა, პროფესიული სწავლება, უმაღლესი განათლება, ტურიზმი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების სფეროს, სადაც 17 პროექტი განხორციელდა გერმანელი ექსპერტების ჩართულობით. მათ შორის, 10 პროექტი მოიცავდა სამშენებლო მიმართულებებს, ხოლო დანარჩენი 7 სასტუმრო-სარესტორნე სფეროს.

DWV გეგმავს უფრო მეტად ინტენსიური გახადოს, SES-ის პროგრამის ფარგლებში, დუალური პროფესიული სწავლების ხელშეწყობა და გაძლიერება. ამ კუთხით იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა GIZ-თან და მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრთან (TPDC), რათა მოხდეს საერთო ინტერესების ოპტიმალური დაკავშირება და პროექტების უფრო ეფექტური წარმართვა.

გსურთ მონაწილეობა მიიღოთ SES პროგრამაში? ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის ოპტიმალური ექსპერტის შერჩევაში და გაგიწევთ კონსულტაციას.